აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ რენოსთან ტყის ხანძრის მოახლოების გამო თითქმის 90 000 ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს
აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ რენოსთან ტყის ხანძრის მოახლოების გამო თითქმის 90 000 ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. მედიის ცნობით, დაახლოებით 42 000 ადამიანს სახლების დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანეს, ხოლო კიდევ 45 000 ადამიანს წასასვლელად მომზადებისკენ მოუწოდეს.
„ბიბისი“ წერს, რომ ნევადის გუბერნატორმა, ჯო ლომბარდომ ვაშოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნულ გვარდიას უბრძანა, სახანძრო და სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმაროს ხანძრის ლიკვიდაციაში.
მისივე თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ადამიანების დაუდევრობა გახდა. ამასთან ძლიერმა ქარმა და მაღალმა ტემპერატურამ ხანძრის არეალის გაფართოება გამოიწვია. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობილია ხანძრის შედეგად დაშავებული ექვსი ადამიანის შესახებ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარმა დაახლოებით 10 500 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.