აშშ-ში მამაკაცი დააკავეს მეუღლისა და შვილების მკვლელობის ბრალდებით, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ
აშშ-ში მამაკაცი დააკავეს მეუღლისა და შვილების მკვლელობის ბრალდებით, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ

აშშ-ში, კოლორადოს შტატში დააკავეს 33 წლის კრისტოფერ უოტსი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მისი ფეხმძიმე მეუღლე, სამი და ოთხი წლის ქალიშვილებთან ერთად, მოულოდნელად გაუჩინარდა. მამაკაცი მათ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ამერიკული მედიის ცნობით, პოლიციამ ქალის ცხედარი იმ ნავთობკომპანიის ტერიტორიაზე იპოვა, რომელშიც უოტსი მუშაობდა. მოგვიანებით კი, იმავე ტერიტორიაზე, ნავთობის რეზერვუარებში ბავშვების ცხედრებიც იპოვეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ქალაქ ფრედერიკში, უოტსების სახლში მოხდა.

„ჩვენი გულები გატეხილია, ისევე, როგორც ჩვენი ქალაქის ყველა მცხოვრების გულები“, – განაცხადა მომხდართან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა.

სამართალდამცველები მომხდარის სავარაუდო მოტივზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ. თუმცა, მედია წერს, რომ კრისტოფერ უოტსმა სამი წლის წინ ბანკროტად გამოცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა განაცხადი – მას ვალები ჰქონდა.

დაპატიმრებამდე, მამაკაცმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მაყურებელს სთხოვდა, ცოლ-შვილის პოვნაში დახმარებოდნენ.

„არ ვიცი, რა დაემართა მათ, უბრალოდ, მინდა, დამიბრუნდნენ“, – ამბობდა ის.