აშშ-ში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართა
აშშ-ში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა.
უკმაყოფილო მოქალაქეები ტეხასში, ნიუ ჰემფშირსა და მერილენდში ქუჩაში გავიდნენ და შეზღუდვების შემსუბუქება მოითხოვეს.
ისინი არ ეთანხმებიან იზოლაციაში ყოფნას, უარს ამბობენ სახლში დარჩენაზე და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ღელავენ.
ნიუ ჰემფშირის ქალაქ კონკორდში გამართულ აქციაზე 400 ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ციფრები ტყუის“ და „იცხოვრე თავისუფლად ან მოკვდი“. „ფრანს პრესის“ ცნობით, ზოგიერთი დემონსტრანტი შეიარაღებული იყო და სახეს მალავდა.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლითაც რამდენიმე შტატის გუბერნატორს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მოსთხოვა.
აშშ-ში ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 730 000-ზე მეტია. გარდაიცვალა 38 000 მოქალაქე.