აშშ-ში კორონავირუსის ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკურმა ცდებმა ეფექტური შედეგი აჩვენა
აშშ-ში კორონავირუსის ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკურმა ცდებმა ეფექტური შედეგი აჩვენა

აშშ-ში კორონავირუსის ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკურმა ცდებმა ეფექტური შედეგები აჩვენა. ამის შესახებ ცნობას „გარდიანი“ აქვეყნებს.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ამერიკული ბიოტექნიკური კომპანიის მიერ შემუშავებული „რემდესივირი“ ბევრისთვის იმედისმომცემი პრეპარატი გახდა, რადგან კლინიკური ცდების საშუალებით გაირკვა, რომ ის პაციენტებზე დადებითად მოქმედებს.

პრეპარატის კლინიკური ცდების პირველი ოფიციალური შედეგები მომდევნო თვეში იქნება ცნობილი. თუმცა მას რიგ ქვეყნებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ, მათი ნებართვით ექიმები უკვე იყენებენ, მათ შორის აშშ-ში, ჩინეთსა და იტალიაში.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, აღნიშნული პრეპარატით ჩატარებული კურსის შემდეგ, აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში 35 წლის მამაკაცი განიკურნა.

თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, აუცილებელია, პრეპარატის სრული გამოცდა და დადგენა, ამსუბუქებს თუ არა პრეპარატი სიმპტომების სიმძიმეს და ამცირებს თუ არა სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

„გარდიანის“ ცნობით, ამერიკელი ინფექციონისტები სწორედ ამ პრეპარატზე ამყარებენ იმედს. ისინი ამბობენ, რომ „რემდესივირი“ ყველაზე დამაიმედებელი პრეპარატია.

აქედან გამომდინარე, ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია პრეპარატის დაჩქარებულ წარმოებას აპირებს. როგორც ამერიკელი ინფექციონისტები ამბობენ, პრეპარატი ადამიანის ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.

დატოვე კომენტარი