აშშ-ში კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცისტური სიმბოლიკა და სლოგანები გამოიყენეს
აშშ-ში კარანტინის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე აქტივისტებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომელზეც ნაცისტური წარწერები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. როგორც აუშვიცის ბანაკის მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ილინოისში გამართულ დემონსტრაციაზე ერთ-ერთ აქტივისტს ხელში ეჭირა პლაკატი, რომელზეც საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელში ნაცისტების მიერ გაკეთებული ფრაზა ეწერა.
საუბარია ფრაზაზე – „Arbeit macht frei“, რაც ითარგმნება, როგორც „სამუშაო გათავისუფლებს“.
ჰოლოკოსტს გადარჩენილები ამბობენ, რომ ამ სლოგანით, ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღებს ცრუ იმედს აძლევდნენ, რომ მძიმე შრომის შემდეგ ისინი გათავისუფლდებიან, თუმცა რეალურად, პატიმრების ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
„გარდიანის“ ცნობით, პლაკატზე აღნიშნულ ფრაზასთან ერთად იკითხებოდა ილინოისის შტატის გუბერნატორის ინიციალები. აღსანიშნავია, რომ ილინოისის გუბერნატორი წარმოშობით ებრაელია.
აქციის მონაწილის კიდევ ერთ პლაკატზე კი, სვასტიკა იყო გამოსახული.
მომხდართან დაკავშირებით აუშვიცის ბანაკის მმართველი ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს.
„ეს ფრაზა იყო ცრუ, ცინიკური ილუზია, რომელსაც ესესი აუშვიცის ბანაკის ტუსაღებს აძლევდა. ეს სიტყვები გახდა ადამიანების სიძულვილის სიმბოლო. მტკივნეულია იმის ხილვა, რომ ამ ფრაზას კვლავ იყენებენ სიძულვილის გასავრცელებლად. ეს არის მორალური და ინეტელექტუალური გადაგვარების სიმპტომი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ილინოისის შტატის გუბერნატორმა კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა მისი გადაწყვეტილება რესპუბლიკელმა კანონმდებელმა სასამართლოში გაასაჩივრა.