აშშ-ში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
აშშ-ში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ვაშინგტონში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. 29 წლის მარია ბუტინას რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ცნობით, ბუტინა რუსი მაღალჩინოსნის მითითებებით მოქმედებდა. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საქმიანობას მარია ბოტინა 2015 წლიდან მინიმუმ 2017 წლამდე ეწეოდა.

ანგარიშში რუსი მაღალჩინოსნის სახელი მითითებული არ არის. თუმცა აღნიშნულია, რომ იგი წარსულში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო, რის შემდეგაც რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და 2018 წლიდან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო.

ამასთან ერთად, მარია ბუტინა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს ესწრებოდა და მომავალ პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობაზე კითხვებს უსვამდა.

მარია ბუტინა წარმოშობით ციმბირიდან არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი სასწავლებლად ჩავიდა. შტატებში გაგმზავრებამდე სამშობლოში მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Right to Bear Arms. ამერიკაში ყოფნის დროს კი მას ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთ უძლიერეს ლობთან, ეროვნული იარაღის ასოციაციასთან ჰქონდა კავშირები.

29 წლის მარია ბუტინა და რუსეთის ხელისუფლება ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.