აშშ-ში ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო
აშშ-ში ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო

საუდის არაბეთიდან და ჩინეთიდან ფარული დაფინანსების საქმეზე, აშშ-ში ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების მიმართ გამოძიება დაიწყო.

აშშ-ის განათლების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ელიტურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უცხოეთიდან მიღებული ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების საჩუქრებსა და კონტრაქტებზე ინფორმაცია სრულად არ გამოუქვეყნებიათ. „ბიბისის“ ინფორმაციით, ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტები პასუხს ამზადებენ.

აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, უნივერსიტეტები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია უცხოეთიდან მიღებულ საჩუქრებსა და უცხოელებთან დადებულ კონტრაქტებზე, რომელთა საფასური 250 000 დოლარს სცდება. აშშ-ის განათლების დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ივლისის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საუდის არაბეთიდან, ჩინეთიდან, ყატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უნივერსიტეტებმა 6.6 მილიონი დოლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. აშშ-ის განათლების დეპარტამენტის ცნობით, ბოლო ოთხ წელიწადში, ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების მიერ მიღებული უცხოური საჩუქრებისა და კონტრაქტების ღირებულება 375 მილიონი დოლარია.