აშშ-ში ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზამთრის ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უხვი ნალექისა და ძლიერი ყინვის გამო, 1.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გაუქმებულია ასობით ავიარეისი. ზოგიერთ შტატში ჰაერის ტემპერატურა მინუს 45 გრადუსამდე დაეცა.

სტიქია ტეხასიდან კვებეკამდე, აშშ-სა და კანადის, ძირითადად, აღმოსავლეთ ნაწილზეა გავრცელებული. უხვი, 89 სმ-მდე ნალექი იყო ნავარაუდევი ბუფალოში, პენსილვანიასა და მიჩიგანში. დატბორილია სანაპირო დასახლებები ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში.

ძლიერი ყინვაა სამხრეთით მდებარე შედარებით რბილი კლიმატის მქონე ლუიზიანის, ალაბამის, ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებშიც.

უამინდობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოჰაიოში 50-მდე ავტომობილი დაზიანდა, დაღუპულია ორი ადამიანი.