აშშ-ში დაფინანსების შეწყვეტის გამო 60-წლიანი ისტორიის მქონე საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია იხურება
აშშ-ში დაფინანსების შეწყვეტის გამო 60-წლიანი ისტორიის მქონე საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია იხურება

აშშ-ში დაფინანსების შეწყვეტის გამო 60-წლიანი ისტორიის მქონე საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია იხურება. ამის მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის ხარჯების მასშტაბური შემცირებაა, რასაც კონგრესშიც დაუჭირეს მხარი.

გავრცელებულ განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია აღნიშნავს, რომ მათი თანამშრომლების დიდი ნაწილი სექტემბრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლდება, დარჩება მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელიც მუშაობას 2026 წლის იანვრამდე გააგრძელებს. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, განცხადებაში არ არის მითითებული.

„მილიონობით ამერიკელის საგანგებო ძალისხმევის მიუხედავად, რომლებიც რეკავდნენ, წერდნენ და აგზავნიდნენ პეტიციებს კონგრესში საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციისთვის ფედერალური დაფინანსების შენარჩუნების მოთხოვნით, ჩვენ იძულებულები გავხდით, შევეჩეხოთ მძიმე რეალობას – ჩვენი საქმიანობის შეწყვეტას“, – ნათქვამია კორპორაციის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის, პატრიცია ჰარისონის განცხადებაში.

60 წლიანი ისტორიის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია პასუხისმგებელი იყო ტელეკომპანია PBS-ის, რადიო NPR-ის და ასევე 1500-ზე მეტი რეგიონული საზოგადოებრივი მედიასაშუალებების დაფინანსების განაწილებაზე.

ტრამპი და მისი მხარდამჭერები საზოგადოებრივ ტელეკომპანია PBS-ს და რადიო NPR-ს ლიბერალური დღის წესრიგისადმი მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ, რასაც მედიასაშუალებები მუდმივად უარყოფდნენ.

„საზოგადოებრივი მედია იყო ერთ-ერთი სანდო ინსტიტუცია ამერიკულ ცხოვრებაში, რომელიც უზრუნველყოფდა განათლების შესაძლებლობებს, აფრთხილებდა მოქალაქეებს საგანგებო სიტუაციების შესახებ, ატარებდა ცივილიზებულ დისკუსიებს და კულტურულ კავშირებს ავითარებდა ქვეყნის ყველა წერტილში“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის დირექტორის განცხადებაში.