აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია ინჟინერი, რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების მონაცემების გაყიდვას ცდილობდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია ინჟინერი, რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების მონაცემების გაყიდვას ცდილობდა

აშშ-ში სამხედრო ინჟინერი და მისი მეუღლე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წყვილი მთელი წლის განმავლობაში აწვდიდა ბირთვული წყალქვეშა ნავის მონაცემებს ფედერალური ბიუროს აგენტს, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლად ასაღებდა თავს. წყვილს შეთქმულებასა და ატომური ენერგიის შესახებ კანონის დარღვევაში წაუყენეს ბრალი.

დაკავებული ჯონათან ტოებე ბირთვულ ინჟინრად მუშაობდა აშშ-ის საზღვაო ძალების ბირთვულ პროგრამაში და უმაღლესი წვდომა ჰქონდა უახლეს ინფორმაციაზე, მათ შორის დიზაინის ელემენტებსა და ბირთვულ წყალქვეშა ნავებში გამოყენებული რეაქტორების მუშაობის პარამეტრებზე.

გამოძიების თანახმად, ტოებემ კონტაქტის დამყარებისა და ანაზღაურების სანაცვლოდ სრული ინფორმაციის გადაცემის მიზნით, ერთ-ერთი უცხოური ქვეყნის მთავრობას 2020 წლის პირველ აპრილს გაუგზავნა წერილი, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების ნაწილს შეიცავდა. წერილი ფედერალურ ბიუროს ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც ინჟინერი და მისი მეუღლე ბიუროს დაკვირვების ქვეშ მოექცნენ.

წყვილი ფედერალურმა ბიურომ 9 ოქტომბერს დააკავა. იუსტიციის სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის მთავრობისთვის გეგმავდნენ დამნაშავეები საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვას.