აშშ-ში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 100 000-ზე ნაკლებია
აშშ-ში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 100 000-ზე ნაკლებია

აშშ-ში გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველად „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი 100 000-ზე ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში აშშ-ში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვმა 100 ათასს მხოლოდ 11 თებერვალს გადააჭარბა, დანარჩენ დღეებში, „კოვიდ-19“-ის შემთხვევები დღეში 80-90 ათასს შორის მერყეობდა.

ამ მაჩვენებლით, საშუალო ყოველკვირეულმა მონაცემებმა 93 000 შეადგინა, რაც ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისის შემდეგ პირველად მოხდა.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა პიკს მიმდინარე წლის იანვარში მიაღწია, როდესაც დღეში 200–250 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდებოდა, ხოლო 2 იანვარს 300 ათასს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 27,62 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 485 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ორივე მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.