აშშ-ში „ამერიკელი თალიბანის“ სახელით ცნობილი დამნაშავე პატიმრობიდან სამი წლით ადრე გაათავისუფლეს
აშშ-ში „ამერიკელი თალიბანის“ სახელით ცნობილი დამნაშავე პატიმრობიდან სამი წლით ადრე გაათავისუფლეს. ჯონ უოკერ ლინდი 2001 წელს ავღანეთში დააკავეს და 20-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დაკავების შემდეგ ჯონ უოკერ ლინდმა დანაშაული მოინანია და განაცხადა, რომ გაწევრიანების დროს მოძრაობა „თალიბანის“ შესახებ სრული ინფორმაცია არ ჰქონია, მათი საქმიანობის შესახებ ყველაფერი რომ სცოდნოდა, მათ რიგებს არ შეუერთდებოდა. თუმცა არსებობს ეჭვები, რომ ციხეში ყოფნის დროს ლინდი ექსტრემისტულ საქმიანობას დისტანციურად მაინც ეწეოდა.
დამნაშავის ნაადრევმა გათავისუფლებამ ქვეყანაში რიგი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯონ უოკერ ლინდს კვლავ ექსტრემისტული შეხედულებები აქვს.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. პომპეოს განმარტებით, ლინდი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.
ჯონ უოკერ ლინდი 1981 წელს ვაშინგტონში, კათოლიკურ ოჯახში დაიბადა, თუმცა 16 წლის ასაკში ისლამი მიიღო, რის შემდეგაც იემენში გადავიდა საცხოვრებლად და არაბულის შესწავლა დაიწყო. 2000 წელს ლიდნმა სწავლა პაკისტანში გააგრძელა, საიდანაც მეზობელ ავღანეთს საკმაოდ ხშირად სტუმრობდა. 2001 წელს ის მოძრაობა „თალიბანს“ შეუერთდა. ამავე წელს რადიკალი აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.
ლინდი იმ პატიმართა შორისაა, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ტერორიზმთან კავშირის გამო ავღანეთსა და ერაყში დააკავეს. მათ უახლოეს წლებში პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.