აშშ-ში აცხადებენ, რომ არ აპირებენ THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას უკრაინასთან ახლოს, რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად
ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას უკრაინასთან ახლოს, რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ისაუბრა.
სინგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ერთმანეთისგან განსხვავდება.
„ეს სხვადასხვა სახის ომია, სხვადასხვა რეგიონი და ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის მიმართ განსხვავებულია“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ამასთან, სინგმა დაადასტურა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო და მთავრობა განაგრძობს ისრაელისა და უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვის საჭიროებების კუთხით.