აშშ-ში 2021 წლის ფინანსური წლის ბიუჯეტი და ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი დაამტკიცეს
აშშ-ში 2021 წლის ფინანსური წლის ბიუჯეტი და ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი დაამტკიცეს

აშშ-ის კონგრესმა 2021 წლის ფინანსური წლის ბიუჯეტი და ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, საბიუჯეტო კანონპროექტს სენატმაც დაუჭირა მხარი.

დოკუმენტებს ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი. კონგრესში „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ შეძლეს რამდენიმე თვის განმავლობაში არსებული უთანხმოების მოგვარება და მიაღწიეს შეთანხმებას ზომების ახალ პაკეტზე ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის, თითქმის 900 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს ინიციატივა დაემატა კანონპროექტების პაკეტს მთავრობის მუშაობის დაფინანსების შესახებ 2021 წლის ფისკალურ პერიოდში, რომლის საერთო ჯამი დაახლოებით 1.4 ტრილიონი აშშ დოლარია. კანონმდებლების მიერ შეთანხმებული პაკეტი ფედერალური სარგებლის ფარგლებში უმუშევრებისთვის მარტის შუა რიცხვებამდე ყოველკვირეულად 300 დოლარის გადახდას ითვალისწინებს. ასევე 600 დოლარს გადაუხდიან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ბიზნესის, სკოლების, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების და მოიჯარეებისთვის, რომლებიც გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან ქირის გადასახადების გადაუხდელობის გამო. 325 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ბიუჯეტიდან მცირე ბიზნესის დასახმარებლად, ხოლო 15 მილიარდი დოლარი ავიაკომპანიებისთვის.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებისთვის, კორონავირუსის ტესტირებაზე, ინფიცირებული ადამიანების კონტაქტების მოკვლევაზე 69 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.