აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]
აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში მემორიალური ღონისძიებები დღეს შეზღუდულად ჩატარდა.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მონაწილეობა მიიღო მემორიალურ ღონისძიებაში ნიუ-იორკში, იმ ადგილას, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობა იდგა. ნიუ-იორკში ასევე იმყოფებოდა მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ცერემონიას ესწრებოდა 200-მდე ადამიანი, მათ შორის ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო და სენატორი ჩაკ შუმერი.

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი დღე პენსილვანიაში, შენსკვილში ვიზიტით დაიწყო, სადაც 2001 წელს ერთ-ერთი გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ასევე ჩამოვარდნილი რეისის მგზავრთა ოჯახის წევრებმა 11 სექტემბერს გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ერთადერთი, რაც დადგა მტერსა და ამერიკული დემოკრატიის გულზე სასიკვდილო დარტყმას შორის იყო რეის 98-ის საოცარი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების, 40 კაცისა და ქალის სიმამაცე და სიმტკიცე. ამერიკა არასდროს დაიხევს უკან ტერორისტების დევნისგან, რომლებიც ჩვენს ხალხს ემუქრებიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მოგვიანებით შენკსვილში დონალდ ტრამპის მეტოქე, ჯო ბაიდენიც ჩავიდა.

2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოინგრა. მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას შეეჯახა, მეოთხე ავიალაინერი, რომელიც ვაშინგტონისკენ მიემართებოდა, პენსილვანიის შტატში, შენკსვილთან ჩამოვარდა. 11 სექტემბრის ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს თავდასხმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.