აშშ-ის სენატში უმრავლესობამ იემენის ომში არაბული კოალიციისთვის დახმარების შეჩერებას დაუჭირა მხარი
აშშ-ის სენატის უმრავლესობამ იემენის ომში არაბული კოალიციისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი არაბული კოალიციისთვის დახმარების შეჩერებას ხმა 63-მა სენატორმა მისცა, 37 კი, წინააღმდეგ წავიდა.
BBC წერს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის რეაქციაზე სენატორების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. სენატორები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ჯინა ჰასპელი საუდის არაბეთთან დაკავშირებულ მოსმენას არ დაესწრო.
„დროა, საუდის არაბეთს შეტყობინება გავუგზავნოთ, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე იმ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელსაც ის იემენში ქმნის“, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, ბობ მენენდეზმა.
სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, რესპუბლიკელი სენატორის, ბობ კორკერის თქმით, არსებობს პრობლემა, რადგან საუდის არაბეთი აშშ-ის მოკავშირეა, მაგრამ ასევე არის მემკვიდრე პრინცი, რომელიც კონტროლიდან გამოვიდა.
სენატის ერთსულოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთისთვის დახმარების შეჩერებას დაუჭიროს მხარი ამჟამინდელმა წარმომადგენელთა პალატამ, რომელმაც მსგავსი წინადადება ერთხელ უკვე დაბლოკა. პოზიცია შესაძლოა, შეიცვალოს ახალი წლიდან, როდესაც ქვედა პალატაზე კონტროლს დემოკრატები აიღებენ. იემენში საუდის არაბეთისთვის დახმარების გაგრძელებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ემხრობიან.
იემენის ომში საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს ებრძვის, რომლებმაც პრეზიდენტი მანსურ ჰადი ქვეყნიდან განდევნეს.