აშშ-ის სენატი - რუსეთის მთავრობა საქართველოში მხარს უჭერს სხვადასხვა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
აშშ-ის სენატი - რუსეთის მთავრობა საქართველოში მხარს უჭერს სხვადასხვა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს

საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის გარდა, რუსეთის მთავრობა საქართველოში მხარს უჭერს სხვადასხვა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვეყანაში პროპაგანდისტულ ძალისხმევას.

ამის შესახებ  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში  დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

200-გვერდიან დოკუმენტში, სახელწოდებით „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“,  საქართველოს ცალკე თავი ეძღვნება.

ანგარიში კონგრესში გავლენიანმა სენატორმა, ბენ კარდინმა წარადგინა.

„მაგალითად, როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „ობიექტივი“ რუსეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული და ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიას „პატრიოტთა ალიანსს“ უჭერს მხარს „ობიექტივის“ ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური ნარატივი დაეხმარა „პატრიოტთა ალიანს“, მოხვედრილიყო პარლამენტში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში რუსული პროპაგანდა უცნაურის ზღვარზეა.

„მაგალითად, რუსული პროპაგანდის მტკიცებით, აშშ „რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს“ საქრთველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩასატარებლად იყენებს. საქართველოს მთავრობის თანახმად, ქვეყანაში აქტიურია რამდენიმე პრორუსული ჯგუფი, მათ შორის სტრატეგიული სწავლების რუსული ინსტიტუტი და ფონდი „რუსკი მირი“ – ორი ცნობილი ინსტიტუტი, რომელსაც კრემლი იყენებს საზღვარგარეთ თავისი გავლენის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დემოკრატი სენატორების მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, საქართველომ ევროკავშირთან 2014 წლის ივნისში გააფორმა ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები, რაც ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ინტეგრაციის პროცესში. ამას გარდა, ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი.

„2014 წლის ნატო-ს სამიტზე უელსში კი, ალიანსმა მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვისუნარიონობის გაძლიერებას, წვრთნებს, კავშირების გამყარებას და მოკავშირე ძალებთან ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ, აშშ-მა საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსების მკვეთრი შემცირება მოითხოვა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2016 წლის ფინანსურ წელს საქართველომ აშშ-სგან 47,5 მილიონი მიიღო, 2018 წელს კი გათვალისწინებულია 28 მილიონი დოლარი.

„აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ მნიშვნელოვანი დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინეს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერევლად და რუსეთის მთავრობის აგრესიისგან დასაცავად. ეს მხარდაჭერა იყო აუცილებელი რუსეთის სამხედრო აგრესიის განახლების აღსაკვეთად, თუმცა არასაკმარისია იმისთვის, რომ საქართველო  რუსული ჩარევის მეთოდების მთელ სპექტრს გაუმკლავდეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამას გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში, ასევე უკრაინასა და სომხეთში, მართლმადიდებელ მშობელთა კომიტეტები, რომლებიც წარმოადგენენ რუსული მართლმადიდებელი კომიტეტების ანალოგებს, ახორციელებენ თავდასხმებს ლგბტ და ფემინისტურ ჯგუფებზე.

„ეს კომიტეტები ამტკიცებენ, რომ  გენდერული თანასწორობა არის დასავლური კონსტრუქცია, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსვალეთ ევროპაში ჰომოსექსუალობის გავრეცელებას“, – ნათქვამია ანგარიშში.