აშშ, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და კიდევ ექვსი ქვეყანა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის შემცირების პარტნიორობების წვლილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
აშშ, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და კიდევ ექვსი ქვეყანა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის შემცირების პარტნიორობების წვლილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

აშშ, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და კიდევ ექვსი ქვეყანა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის ერთობლივი შემცირების პარტნიორობების წვლილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების ტექსტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა და მისი ხელმომწერები, აშშ-სთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან ერთად, არიან ერაყი, იორდანია, ლიბერია, ფილიპინები, სიერა-ლეონე და უგანდა.

„კოვიდპანდემიამ ხაზი გაუსვა ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის, დიაგნოსტიკისა და რეაგირების ძლიერი ეროვნული შესაძლებლობების მნიშვნელობას. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება ამ შესაძლებლობების გაძლიერებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ჩვენი მთავრობები ღიად და გამჭვირვალედ თანამშრომლობენ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც არის აშშ-ის თავდაცის დეპარტამენტის საფრთხის ერთობლივი შემცირების პროგრამის ნაწილი. ამ პარტნიორობებს აქვთ მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები; მათ არანაირი კავშირი არ აქვთ იარაღთან. ეს პარტნიორობები იცავს ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას ჩვენს ქვეყნებში, მათ შორის ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის, გამოვლენისა და კონტროლის და ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. როგორც ამ პროგრამის პარტნიორებს, ყველა ჩვენგანს აქვს უშუალო ცოდნა ჩვენს საერთო მიზანთან მისი შესაბამისობის შესახებ, რაც არის გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ჩვენს საზოგადოებებზე ინფექციური დაავადებების ზემოქმედების შესამცირებლად თანამშრომლობა. ჩვენი მთავრობები მტკიცედ ადასტურებენ საერთო მოსაზრებას, რომ ასეთი თანამშრომლობა არ უნდა დაირღვეს, არამედ მას ხელი უნდა შეეწყოს და ის უნდა გაძლიერდეს. მეათე მუხლის შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს, იმუშაონ ერთად, მათ შორის მომავალ მიმოხილვის კონფერენციაზე, ამ მიზნის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.