აშშ - მივესალმებით OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული
აშშ - მივესალმებით OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული

ამერიკის შეერთებული შტატები სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ი მიესალმება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს კამპანიის ჩატარება თავისუფლად შეეძლოთ.

„ჩვენ ასევე ვიზიარებთ მისიის, ასევე სხვა საერთაშორისო და შიდა დამკვირვებლების შეშფოთებას, პარტიული კამპანიისთვის სახელმწიფო რესურსების არასწორი გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით. ეს ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩვენ ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს ეუთო-ს მისიის და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ ხარვეზებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი დასავლური ინტეგრაციის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს და ასევე იმუშავებს საქართველოსთან საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმირების კუთხით.