აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ინიციატივას, რომელიც „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა სოციალ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ჰეზერ ნაუერტის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ი მიესალმება საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი“.

როგორც ნაუერტი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პაკეტი მიზნად ისახავს საქართველის რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას”.

აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” – ნათქვამია ნაუერტის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა –  უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.

დატოვე კომენტარი