აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიის ლიდერის გათავისუფლებას მიესალმება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიის ლიდერის გათავისუფლებას მიესალმება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებას, პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ თავმჯდომარის, ილგარ მამედოვის გათავისუფლების შესახებ და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მამედოვის გასამართლებამ და მისთვის ხუთწლიანი პატიმრობის მისჯამ გამოიწვია სერიოზული შეშფოთება აზერბაიჯანში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყება მოუწოდებს აზერბაიჯანს, მამედოვს მოუხსნას ყველა ბრალდება აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების გათვალისწინებით.

„მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლონ ყველა დანარჩენი პირი, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისთვის არიან დაპატიმრებულები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ლიდერი 2013 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საიდანაც მან ხუთ წელზე მეტი მოიხადა, დარჩენილი ვადა კი სააპელაციო სასამართლომ პირობითი სასჯელით შეუცვალა. ილგარ მამედოვს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტპატიმრად მიიჩნევდნენ. 2014 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა იყო.