აშშ-ის საელჩოს განცხადებას იუსტიციის საბჭოს წევრები გამოეხმაურნენ
აშშ-ის საელჩოს განცხადებას იუსტიციის საბჭოს წევრები გამოეხმაურნენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება ჩემთვის ძალიან სერიოზული განაცხადია, როდესაც საერთაშორისო დიპლომატიური წარმომადგენლობა ასეთ მითითებას უკეთებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ხელისუფლებას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადება შეაფასა.

ჯანეზაშვილის შეფასებით, დოკუმენტში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების პასუხი უნდა იყოს რეფორმა, თუმცა საბჭოს არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ რეფორმის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

„ეს არის მეორე დოკუმენტი, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს. პირველი გახლავთ ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის, სადაც საუბარი არის ასევე იმ მმართველობასა და გავლენებზე, რომელიც შიდა სისტემაშია სასამართლოში. ამ დოკუმენტში ასევე არის საუბარია არაფორმალურ მმართველობაზე. ჩემთვის ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი, როდესაც საერთაშორისო დიპლომატიური წარმომადგენლობა ასეთ მითითებას უკეთებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ხელისუფლებას, რადგან რეფორმები თუ არ განხორციელდა, შედეგი არ გვექნება. მე ცოტა სკეპტიკურად ვარ ამასთან დაკავშირებით განწყობილი, ვინაიდან სისტემაში რჩებიან ის ადამიანები და ძალაუფლება რჩება სწორედ იმ ადამიანების ხელში, რომლებიც მართავენ სასამართლოს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება, საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გრიტიშვილს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ე.წ. მეოთხე ტალღა სწორედ იმ სტანდარტებს ითვალისწინებს, რაზეც მიუთითებს ამერიკის საელჩო.

„ზუსტად იმ სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ მაქსიმალურად სრულყოფილი კანონმდებლობა, როგორც პასუხისმგებლობის საფუძვლების დაკონკრეტება-დაზუსტების კუთხით, ასევე პროცედურის გაუმჯობესება-დახვეწის კუთხით. გუშინდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო და შეიძლება ითქვას, ყველა პრონციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ალბათ, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი შეძლებს მიიღოს დისციპლინური სამართალწარმოების მარეგულირებელი ახალი კანონი“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დასაცავად.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო“.