აშშ-სა და კანადაში რეკორდულ სიცხეს პროგნოზირებენ
აშშ-სა და კანადაში რეკორდულ სიცხეს პროგნოზირებენ

აშშ-სა და კანადაში ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ. ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ბოსტონში დაფიქსირდება, სადაც დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მომდევნო 24 საათში რეკორდულად მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბილ დე ბლასიომ მოსახლეობას მოუწოდა, ტემპერატურის მატებას სერიოზულად მიუდგნენ და შესაბამისი ზომები მიიღონ. ნიუ-იორკის მერის განმარტებით, მსგავსი ტემპერატურა ქალაქში ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა. საგანგებო ზომები მიიღეს აშშ-ის სხვა ქალაქებშიც. ცალკეულ ადგილებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 38 გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს.

ანომალიურად მაღალი ტემპერატურის ტალღა კანადის ცალკეულ რეგიონებსაც მოიცავს. ტორონტოში სინოპტიკოსები 40 გრადუს ცელსიუსს პროგნოზირებენ. მაღალი ტემპერატურის ტალღა კვებეკს და ონტარიოსაც მოიცავს.