აშშ-ს  საპასუხო ტარიფებს თურქეთიც უწესებს
აშშ-ს  საპასუხო ტარიფებს თურქეთიც უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატებს იმპორტზე საპასუხო ტარიფებს ჩინეთის, ევროკავშირისა და ინდოეთის შემდეგ, თურქეთიც უწესებს.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, თურქეთი 1.1 მილიარდი დოლარის მოცულობის ამერიკული საქონლის იმპორტს 266.5 მილიონი დოლარით დაბეგრავს. ამით ოფიციალური ანკარა ვაშინგტონის მიერ იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებულ ტარიფებს პასუხობს.

როგორც თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, თურქეთი არ დაუშვებს, რომ ამერიკის ეკონომიკის პრობლემები დააბრალონ.

უკვე ცნობილია, რომ ახალი ტარიფი თურქეთში შტატების 9.4 მილიარდი დოლარის მოცულობის ექსპორტის 12 პროცენტს დააზარალებს. ყველაზე ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, 2016 წელს შტატებსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 22.4 მილიარდი დოლარი იყო.

ტარიფების დაწესებით თურქეთი უერთდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრების კამპანიას, რომლებიც შტატებს საპასუხო ტარიფებს უწესებენ. მსო-ს რეგულაციების მიხედვით, სავაჭრო კლუბის წევრებს უფლება აქვთ, თუ მსო-ს რომელიმე წევრი ქვეყანა მეორეს ტარიფებს დაუწესებს, ეკვივალენტური სანქციით უპასუხონ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ ე.წ. ლითონის ტარიფებს, რომელიც იმპორტირებულ ფოლადს 25, ხოლო ალუმინს 10 პროცენტით ბეგრავს, უკვე უპასუხეს ჩინეთმა, ევროკავშირმა და ინდოეთმა.

საერთო ჯამში, მალე მინიმუმ 26.9 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საექსპორტო პროდუქცია, როგორც ფერმერული ისე სამრეწველო, 3.5 მილიარდი დოლარის  გადასახადით დაიბეგრება.

ჩინეთმა 2.75 მილიარდი დოლარის ამერიკული საქონელი 611.5 მილიონი დოლარით 2 აპრილიდან დაბეგრა, ევროკავშირი კი 3.2 მილიარდი დოლარის პროდუქციას 1.6 მილიარდით ხვალიდან დაბეგრავს.4 აგვისტოდან ინდოეთი ამერიკიდან მარცვლეულის გარკვეული სახეობის იმპორტს, როგორიცაა თურქული ბარდა, 70 პროცენტით დაბეგრავს. ტარიფები ასევე გაიზარდა კაკლის, ნუშის, ბოირის მჟავას, ვაშლის, დიაგნოსტიკურ რეაგენტებსა და ფოლადის გარკვეულ პროდუქციაზე. ამის შესახებ ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა გუშინ განაცხადა.

ანალიტკოსები თეთრ სახლს ურჩევენ, მეტი სერიოზულობით მოეკიდოს სხვა ქვეყნების ინტერესებს, რადგან არსებობს რისკი, რომ სატარიფო ომი არასატარიფო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს.