აშშ-ს მიერ ორი ბელარუსული კომპანიისთვის სანქციების მოხსნის შემდეგ, ბელარუსმა 25 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა

23:25, 16.09.2026

აშშ-ს მიერ ორი ბელარუსული კომპანიის, „ლაკოკრასკას“ და „ბელესბუმპრომის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების შემდეგ, ბელარუსმა 25 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შეთანხმება აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის შუამავლობით შედგა.

როგორც კოულმა განაცხადა, პატიმრების გათავისუფლება სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, „კეთილი ნების“ გამოხატვის ნიშნად მოხდა. ამასთან, მისივე თქმით, შემდგომმა მოლაპარაკებებმა შესაძლოა „ახალი გათავისუფლებები და სანქციების დამატებითი შემსუბუქება“ გამოიწვიოს.

აშშ-მა და არაერთმა სხვა დასავლურმა ქვეყანამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც ბელარუსმა 2022 წელს რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობა მისცა. 2020 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელახლა არჩევას მოჰყვა, ასობით ადამიანი დააპატიმრეს. არსებული ინფორმაციით, ბელარუსში კვლავ რჩება ასობით პოლიტპატიმარი.

მსგავსი