აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს სულ მცირე 132 025 000 დოლარით დაეხმარება, თუმცა ქვეყანა იტოვებს უფლებამოსილებას, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსების 15% გაყინოს, თუ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაადგენს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისა და მთავრობაში კორუფციის შესაჩერებელი პროცესები არ მიმდინარეობს.

ამასთანავე, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველო ქვეყნისთვის გამოყოფილი ფინანსების 15% ვერ მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ არ განმტკიცდა ანტიკორუფციული კანონმდებლობა, რეგულაციები და არ შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კანონის უზენაესობა კერძო სექტორისთვის, რაც მოიცავს უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აკრძალულია, ბიუჯეტი მოხმარდეს იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს აღიარებენ; ასევე, აკრძალულია ფინანსების მოხმარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, ხაზინის სამდივნომ უნდა მოუწოდოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების ამერიკელ აღმასრულებელ დირექტორებს, გამოიყენონ საკუთარი ხმები და არ დაუჭირონ მხარი არც ერთ ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

დატოვე კომენტარი