აშშ-ს კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
აშშ-ს კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

აშშ-ს კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. „სიენენის“ ინფორმაციით, 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის უპრეცედენტო იმპიჩმენტის პროცესი კონგრესში განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში წარიმართება. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კონგრესის წინ აღმართულ ღობესთანაც პატრულირებენ.

როგორც „სიენენი“ წერს, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში დარჩება ძალაში, რაც ადგილობრივი ექსტრემისტების მხრიდან მიმდინარე პოტენციური საფრხითაა განპირობებული, რამდენადაც, იმპიჩმენტის მიმართ მაღალი პოლიტიკური დაძაბულობა არსებობს.

ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ამ ეტაპზე სენატში იმპიჩმეტნის პროცესის მიმართ „კონკრეტული და უტყუარი“ საფრთხე არ არსებობს. თუმცა, შესაბამისი უწყებები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო უმაღლეს მზადყოფნაშია. ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იყენებენ, რათა თავიდან აიცილონ უსაფრთხოებისა და დაზვერვის წარუმატებლობები, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევამდე განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სენატში დონალდ ტრამპის, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დღეს დაიწყება. ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის ხმაა საჭირო. სენატმა ტრამპის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს „ამბოხის წახალისებაში“, რომლის შედეგადაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შტურმით შეიჭრნენ, შედეგად კი ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს გულისხმობს, რომ სულ მცირე 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს ხმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.