აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტს ახალი ფედერალური გრანტების მიღება შეუზღუდა
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტს ახალი ფედერალური გრანტების მიღება შეუზღუდა

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტს ახალი ფედერალური გრანტების მიღება შეუზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, განათლების დეპარტამენტი მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს ანტისემიტიზმში, პოლიტიკურ მიკერძოებასა და არაეფექტურ მმართველობაში სდებს ბრალს და მრავალფეროვნების პოლიტიკისთვის აკრიტიკებს.

გასულ წელს ამერიკულ უნივერსიტეტებში გამართული საპროტესტო აქციები, რომლებზეც სტუდენტები ისრაელს ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ, დონალდ ტრამპმა პროჰამასურ აქციებად მოიხსენია და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. მას შემდეგ მთავრობამ დაფინანსება შეუწყვიტა რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მათ შორის, კოლუმბიის, პენსილვანიის, კორნელის უნივერსიტეტებს.

მედიის ცნობით, ჰარვარდის უნივერსიტეტი მთავრობის მხრიდან უკანონო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. გასულ თვეს, მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2.2 მილიარდი დოლარის ოდენობით გრანტის გაცემა გაყინა, უნივერსიტეტმა სასამართლოში სარჩელი წარადგინა.

ჰარვარდის უნივერსიტეტი წამყვან უნივერსიტეტად მიიჩნევა მსოფლიოში და ერთ-ერთი უმსხვილესი ფონდი გააჩნია, რომლის მოცულობაც 53 მილიარდ დოლარს შეადგენს.