აშშ-ს არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში
აშშ-ს არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში

თეთრ სახლში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ამერიკის ნაკრების მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს დარწმუნდეს, რომ ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში, მეზობელ ჩრდილოეთ კორეაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ამერიკელი სპორტსმენების უსაფრთხოება დაცული იქნება.

„ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. პრეზიდენტი გაითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებებს. ამერიკელების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ვთანამშრომლობთ კორეელებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა დაცული იყოს უსაფრთხოება“, – განაცხადა სანდერსმა.

რამდენიმე დღის წინ, გაერო-ში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ნაკრების მონაწილეობა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დამოკიდებულია კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ სიტუაციაზე.

თავის მხრივ, აშშ-ის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, რომ პიონჩანგ-2018-ის ბოიკოტის საკითხი არც განიხილება. მეტიც, ოლიმპიური კომიტეტი გეგმავს, რომ ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად ორი დელეგაცია გაგზავნოს.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმღები ქალაქი – პიონჩანგი ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 80 კილომეტრითაა დაშორებული. კორეის ნახევარკუნძულზე არსებულმა კრიზისმა და ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულმა სარაკეტო გამოცდებმა ოლიმპიადაში მონაწილე ზოგიერთი ქვეყანა ბოიკოტირების არჩევანის წინაშე დააყენა. მაგალითად, საფრანგეთი შიშობდა, რომ ოლიმპიადის მსვლელობისას დაცული არ იქნებოდა მონაწილეთა უსაფრთხოება. ამავე მიზეზით ოლიმპიადაში მონაწილეობა ეჭვქვეშ დააყენა ავსტრიამაც. თუმცა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნებს უსაფრთხოების სრული გარანტიები მისცა, უსაფრთხოების შესახებ არსებული კითხვის ნიშნები ნაწილობრივ მოიხსნა.

როგორც ჩანს, დღეისთვის ერთადერთი ქვეყანა ამერიკაა, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ.