აშშ რუსეთში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას გმობს და მათ გათავისუფლებას ითხოვს
აშშ რუსეთში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას გმობს და მათ გათავისუფლებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას გმობს და მათ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის მიერ Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში.

„ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც საკუთარ ლეგიტიმურობაში დარწმუნებულები არიან, არ აპატიმრებენ მშვიდობიან მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობის გამო“, – წერია ნაუერტის განცხადებაში.

მანამდე რუსეთში გუშინ გამართული აქციების მონაწილეთა დაკავება ევროკავშირშიც დაგმეს. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე გამართულ მიტინგში რუსეთის ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დააკავეს 1500-ზე მეტი მომიტინგე. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ მათი ნაწილი, რომელთა ასაკი 18 წელს არ აღემატებოდა, გაათავისუფლეს. გვიან ღამით სასამართლომ გაათავისუფლა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც.