აშშ-რუსეთის სამიტი, შეფასებები და მსოფლიო ლიდერების ფრთხილი ოპტიმიზმი

ალასკაში გამართული აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი სამიტი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

სამსაათიან მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სამი სამზე ფორმატში ესწრებოდნენ. შეხვედრას მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდა.

დღის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტა იყო. ამ საკითხზე მხარეებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს, თუმცა ითქვა, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესი არის და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ახლა ჯერი უკრაინის პრეზიდენტზეა. სწორედ ზელენსკის ესაუბრა დონალდ ტრამპი  ტელეფონით ვაშინგტონში დაბრუნებისას. მოგვიანებით ამ საუბარს ევროპელი ლიდერები, კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტი, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი შეუერთდნენ. ევროპაში ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავენ, ზელენსკი კი 18 აგვისტოს ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრისთვის ემზადება.