აშშ ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, მიგრანტების ნაკადის გაზრდის საფრთხის გამო, დამატებით 1 500 სამხედროს აგზავნის
აშშ ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, მიგრანტების ნაკადის გაზრდის საფრთხის გამო, დამატებით 1 500 სამხედროს აგზავნის

აშშ ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, მიგრანტების ნაკადის გაზრდის საფრთხის გამო, უსაფრთხოების გასაძლიერებლად 1 500 სამხედროს აგზავნის, – „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გაკეთდა.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ამერიკელი სამხედროები შეუერთდებიან იმ 2 500 გვარდიელს, რომლებიც უკვე ეხმარებიან მესაზღვრეებს უსაფრთხოების დაცვაში.

11 მაისს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული რეგულაციის მოქმედების ვადა იწურება, რომელიც აშშ-ის მთავრობას არალეგალური მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაციის უფლებას აძლევს. ამის შემდეგ ხელისუფლება მიგრანტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება.

აშშ-ის სასაზღვრო სამსახურში ვარაუდობენ, რომ 11 მაისის შემდეგ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას 10 000 მიგრანტი შეეცდება.

„ბიბისის“ ცნობით, 2022 წელს აშშ-ის სამხრეთი საზღვარი არალეგალურად 2,76 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა.