აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. როგორც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, „შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება, რომელზეც უნდა გაკეთდეს განმარტებები მრავალ თემასთან დაკავშირებით“.

რუსეთში ვიზიტის პირველ დღეს უსაფრთხოების საკითხებში დონალ ტრამპის მრჩეველი ბოლტონი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. ბოლტონსა და პატრუშევს შორის მოლაპარაკებები ხუთ საათს გრძელდებოდა. მხარეებმა შეიარაღების შესახებ შეთანხმებები და კონვენციები განიხილეს, კერძოდ, რუსეთსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ შეთანხმების კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებაზე,საიდანაც გასვლის გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც „ინტერფაქსი“ რუსეთის უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით წერს, რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ურთიერთპრეტენზიების აღმოსაფხვრელად ერთობლივი სამუშაოსთვის.

ამას გარდა, არსებული ინფორმაციით, ბოლტონმა და პატრუშევმა  უკრაინის, სირიის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.
როგორც „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯონ ბოლტონმა განაცხადა,  მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებასთან დაკავშირებულ პრობლემას მხოლოდ აშშ და რუსეთი ვერ გადაწყვეტენ.

„არსებობს ქვეყნების მთელი რიგი, რომლებიც აწარმოებენ საშუალო რადიუსზე მოქმედ რაკეტებს. ეს არის ჩრდილოეთ კორეაც და, რა თქმა უნდა, ჩინეთიც. გამოდის საკმაოდ უცნაური სიტუაცია აშშ-სა და რუსეთისთვის: ორმხრივი შეთანხმება უკვე აღარ არის ყოვლისმომცველი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“, – აღნიშნა ბოლტონმა.

„დღეს რუსეთი ამ პროცესის მხოლოდ ერთ-ერთი მოთამაშეა. ამიტომ აშშ-ის მიაჩნია, რომ მხოლოდ ორ ქვეყანას ამ პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლიათ“, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა ინტერვიუში.

ჯონ ბოლტონმა და ნიკოლაი პატრუშევმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზეც ისაუბრეს.