აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულა და სანქციები დაუწესა. შეზღუდვები დაუწესეს ვენესუელის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე დიოსდადო კაბელიოს, რომელიც ამ ქვეყანაში, პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა.

როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ვენესუელის მთავრობა ხალხის ტანჯვის ფონზე ცდილობს, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე იზრუნოს. ვაშინგტონში ამტკიცებენ, რომ დიოსდადო კაბელიო და სხვა მაღალჩინოსნები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები ამოქმედდა, კორუფციაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილი.

აშშ-ის მიერ ვენესუელის მთავრობის წევრების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება წინ უძღვის ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს. მოქალაქეებმა პრეზიდენტი 20 მაისს უნდა აირჩიონ.

ბოლო პერიოდში ვენესუელა მძიმე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. პრეზიდენტმა მადურომ უფლებამოსილება ჩამოართვა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად პარლამენტს. დააკავეს მთავრობის უამრავი ოპონენტი. ამის გამო 2018 წელს ვენესუელას სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა.