აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით ათ ახალ პროექტს დააფინანსებს [ვიდეო]

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინეს.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

როგორც კორპორაციაში აცხადებენ, დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, ახალი პროფესიული პროგრამები შემუშავდება მწვანე სექტორის მიმართულებით, დაინერგება ახალი მეთოდები დუალური განათლების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების კუთხით, ასევე ხელი შეეწყობა გოგონების დაინტერესებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებში და პროფესიული პროგრამების პოპულარიზაცია გაიზრდება.

საგრანტო კონკურსის III რაუნდში, რომლის მიზანიც პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდაა, სულ 43 განაცხადი შევიდა. განაცხადები შეიტანეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ასევე კერძო სექტორის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. დამოუკიდებელმა შეფასების კომისიამ დასაფინანსებლად ათი პროექტი შეარჩია, რომლის ჯამური ბიუჯეტი 190,295 აშშ დოლარია, საიდანაც საგრანტო თანხა 177,010 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 7% (13,285 აშშ დოლარი) – კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.

2016-2017 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 17 პროექტი.