აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ დროებით შეაჩერა, რადგან ახალ ბიუჯეტს ვერ ამტკიცებენ
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ დროებით შეაჩერა, რადგან ახალ ბიუჯეტს ვერ ამტკიცებენ

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ დროებით შეაჩერა. მიზეზი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოებაა, რის გამოც ქვეყანა ახალ ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს. როგორც უკვე ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს, საზღვართან უსაფრთხოების დასაცავად ბიუჯეტში დამატებით ხუთი მილიონი დოლარი გამოყოს, თუმცა ამას დემოკრატები ეწინააღმდეგებიან.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბიუჯეტი მიიღო, თუმცა სენატში მყოფი დემოკრატები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ. კანონის თანახმად კი ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებულ კანონს მხარი ზედა პალატის 60-მა წევრმა მაინც უნდა დაუჭიროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელებთან ერთად, რომლებიც სენატში უმრავლესობაში არიან, ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დემოკრატების გარკვეულმა ნაწილმაც უნდა დაუჭიროს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა დროებით მუშაობა შეიზღუდება სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე იუსტიციის, შიდა უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის დეპარტამენტებში. მათ ახლა თანამშრომლები იძულებით შვებულებაში უნდა გაუშვან. თუმცა დეპარტამენტებმა 24 და 25 დეკემბერი დასვენების დღეებად გამოაცხადეს და რეალურად, ბიუჯეტის გარეშე პირველი სამუშაო დღე 26 დეკემბერი იქნება.

დატოვე კომენტარი