აშშ-ი მხარეებს მოუწოდებს, სირიაში ცეცხლი ერთი თვის განმავლობაში შეწყვიტონ
აშშ-ი მხარეებს მოუწოდებს, სირიაში ცეცხლი ერთი თვის განმავლობაში შეწყვიტონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს მოუწოდებს, სირიაში ცეცხლი ერთი თვის განმავლობაში შეწყვიტონ. ამის შესახებ განცხადება ჰეზერ ნაუერტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ აღმოსავლეთ ღუტაზე მორიგი იერიში მიიტანეს.

სადამკვირვებლო ჯგუფების მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ღუტაში გარდაცვლილთა რაოდენობა 250-ს აჭარბებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს გაეროს მოთხოვნას, ძალაში შევიდეს ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს აუცილებელია რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად და მშვიდობიანი მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა.

საფრანგეთი სირიაში სამთავრობო იერიშებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს.

სირიის არმიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. დამასკო კი ამბობს, რომ მათი სამიზნე ღუტაში მხოლოდ სამხედროები არიან.

ჰუმანიტარულ საკითხებში სირიაში გაერო-ს კოორდინატორ პანოს მოუმცისის შეფასებით, აღმოსავლეთ ღუტაში სამთავრობო ძალების მიერ საავადმყოფოებსა და სამედიცინო ობიექტებზე მიტანილი იერიშები ომის დანაშაულს უტოლდება.

სამთავრობო იერიშების შედეგად აღმოსავლეთ ღუტაში კვირის შემდეგ 54 ბავშვია გარდაცვლილი. ამის შესახებ მონაცემებს ბრიტანული სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს.