აშშ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის წინამძღვარად არჩევას ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატები მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის წინამძღვარად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ეკლესიის შექმნა უკრაინისთვის ისტორიული მომენტია.
„აშშ ულოცავს მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელად არჩევას. ამ ეკლესიის შექმნა უკრაინისთვის ისტორიული მომენტია. აშშ განაგრძობს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას და პატივის სცემს აღმსარებლობის თავისუფლებას, გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. რელიგიური თავისუფლების უფლება ვრცელდება ყველა უკრაინელზე, მათ შორის მათზე, ვინც აირჩია შეუერთდეს ან არ შეუერთდეს ახალ მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ15 დეკემბერს წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში გამართული გამაერთიანებელი საეკლესიო კრების შემდეგ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის შესახებ განაცხადა. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მსოფლიოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს 2019 წლის იანვრის დასაწყისში გამოსცემს. უკრაინაში ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს.