აშშ-მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდიაა მობილიზებული
აშშ-მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანებით, ტეხასის შტატისა და მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდია გაგზავნეს. უახლოესი სამი დღის განმავლობაში, 250 სამხედრო აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირებას მოახდენს.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული გვარდიის მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ტეხასის შტატის ეროვნული გვარდია საზღვრის სიახლოვეს განლაგდა. მათ დახმარებას გაუწევს საჰაერო დაცვა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებასა და საზღვრის დაცვას ემსახურება. ვფიქრობთ, სამხრეთის იმ შტატებში, რომლებიც მექსიკას ესაზღვრება, იმავე ზომებს მიიღებენ“ – განაცხადა ტეხასის სამხედრო შტაბის პრესსპიკერმა ტრეისი ნორისმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კედლის მშენებლობის დასრულებამდე, საერთო ჯამში, საზღვარზე განლაგებული ჯარისკაცების რაოდენობა, შესაძლოა, 4000-მდე გაიზარდოს. მიზანი მიგრანტთა ნაკადის შეჩერებაა.

ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკის ტერიტორიაზე მექსიკიდან შესული არალეგალი მიგრანტები უნდა დააპატიმრონ, რის შემდეგაც მათი დეპორტაცია დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, დონალდ ტრამპმა მექსიკის მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„ისინი არაფერს აკეთებენ მიგრაციის ტალღის შესაჩერებლად“, – დაწერა Twitter-ში ტრამპმა.

ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალიფორნიის შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზება საზღვარზე, საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.