აშშ-მა ვენესუელელი სამხედრო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა
აშშ-მა ვენესუელელი სამხედრო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა

აშშ-მა ვენესუელელი სამხედრო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

მაიკ პენსის განმარტებით, გენერალი მანუელ კრისტოფერ ფიგერი ნიკოლას მადუროს განუდგა და მხარი ხუან გუაიდოს დაუჭირა. ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა ვენესუელელი მაღალჩინოსნები ფიგერს მიბაძავენ და სწორ არჩევანს გააკეთებენ.

„ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს სანქციების გაუქმებას ყველა იმ პირისთვის, ვინც კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ამასთან, მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ივნისში რეგიონში ამერიკული გემი დაბრუნდება და ხუთთვიან ჰუმანიტარულ მისიას განაგრძობს.

ცოტა ხნის წინ ნიკოლას მადურომ პასუხისგებაში მისცა ის პირები, რომლებმაც გასულ კვირას მხარი დაუჭირა ხუან გუაიდოს ამბოხის მცდელობის დროს. მადუროს ამ ნაბიჯის შემდეგ ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ აუცილებლად დაწესდება სანქციები ვენესუელელი უზენაესი სასამართლო მოსამართლეების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სასამართლოს რეჟიმის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებენ.

სიტყვით გამოსვლის დროს მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის კრიზისის გადასაწყვეტად ამ მომენტისთვის ყველა ვარიანტს განიხილავს.