აშშ-მა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-მა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ხორხე არეასას ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული სწრაფვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. ლათინური ამერიკის ქვეყნის ყოფილი ლიდერის, უგო ჩავესის ახლო ნათესავი ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის შემდეგ იკავებს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ის ნიკოლას მადუროს რეჟიმის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

პირველ დიპლომატთან ერთად ვაშინგტონის შავ სიაში მოხვდა მოსამართლე, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს დევნიდა. კაროლ პადილიოს და საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ყველა აქტივი დაებლოკათ. ამასთან, ამერიკულ კომპანიებს და აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმიანი შეთანხმებების დადება ეკრძალებათ.

„ამერიკის შეერთებული შტატები შორიდან ვერ უყურებს, თუ როგორ ართმევს ვენესუელელ ხალხს სიმდიდრესა და დემოკრატიას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმი“, – განმარტებულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

პარალელურად, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია გაიმართა. ხუან გუაიდომ მხარდამჭერები ამჯერად ზღვისპირა ქალაქ მარაკაიში შეკრიბა. ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ტური დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მხარდამჭერებს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ პირველ მაისს ერთობლივი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების დაწყებისკენ მოუწოდებს. ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.