აშშ-მა სანქციები დააწესა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში ეხმარებიან
აშშ-მა სანქციები დააწესა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში ეხმარებიან

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში.

სანქცირებული კომპანიების მეშვეობით თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან რუსეთს მიეწოდებოდა ტექნოლოგია, აღჭურვილობა და სხვა მარაგი, რაც საჭიროა მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად.

სანქციები ასევე მოიცავს პირთა ქსელს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქე არტურ პეტროვთან. პეტროვი მიმდინარე წლის დასაწყისში კვიპროსში შეერთებული შტატების მოთხოვნით დააკავეს. როგორც ამერიკელი გამომძიებლები აღნიშნავენ, მან შექმნა რთული სქემა სანქციების გვერდის ავლით რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად.

აშშ-ის ხაზინის ახალი სანქციების ცალკეული ბლოკი მოიცავს რუსეთის ფედერაციის ათეულობით სამხედრო-სამრეწველო კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ იმპორტს, ასევე ყიდიან სამრეწველო აღჭურვილობას.

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა სანქციები რუსული საბანკო სექტორების წინააღმდეგ.