აშშ-მა, ნატო-მ, გერმანიამ და ისრაელმა მიწისძვრის შედეგების გამკლავებაში თურქეთს დახმარება შესთავაზეს
აშშ-მა, ნატო-მ, გერმანიამ და ისრაელმა მიწისძვრის შედეგების გამკლავებაში თურქეთს დახმარება შესთავაზეს

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მიწისძვრის შედეგების გამკლავებაში ანკარას დახმარება აშშ-მა შესთავაზა, – ამის შესახებ განცხადება „ტვიტერით“ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გაავრცელა.

ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაუკავშირდა თურქეთის ოფიციალურ პირებს და მზადყოფნა გამოთქვა, ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს თურქეთის ხელისუფლებას.

ამასთან, ანკარას დასახმარებლად მზად არის ნატო-ც. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაწერა.

მისივე თქმით, ესაუბრა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს წევრები უკვე ახდენენ დახმარების მობილიზაციას.

თურქეთს დახმარება შესთავაზა ასევე გერმანიამაც. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ უახლოეს მომავალში გერმანია, პარტნიორებთან ერთად, თურქეთში დახმარებას გააგზავნის.

ანკარას დახმარების მზადყოფნის შესახებ განაცხადა ისრაელის ხელისუფლებამაც.