აშშ-მა კიბერუსაფრთხოების საკითხში ახალი სტრატეგია წარადგინა
აშშ-მა კიბერუსაფრთხოების საკითხში ახალი სტრატეგია წარადგინა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიბერუსაფრთხოების საკითხში ახალი სტრატეგია წარადგინა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხში დონალდ ტრამპის მრჩეველმა განაცხადა. ჯონ ბოლტონის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი ბოლო 15 წლის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების საკითხში პირველი სრულყოფილი გეგმაა, რომელიც ჰაკერული თავდასხმების შემთხვევაში, დამსჯელ საშუალებებს ამკაცრებს.

კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი სტრატეგიის გეგმის წარდგენისას ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ ახლა მსხვილი სამხედრო კიბეროპერაციის ჩასატარებლად, მაღალჩინოსნების მიერ სანქციების გაცემა საჭირო აღარ იქნება.

„ხელები შეკრული აღარ გვაქვს. ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც კიბერსივრცეში ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული, უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად ვიმოქმედებთ საპასუხოდ. ამასთან, ყველა ჩვენი საპასუხო ქმედება კიბერსივრცეში არ იქნება განხორციელებული“,- განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

დონალდ ტრამპის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ კიბერსივრცეში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეებს რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი წარმოადგენენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შტატების წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციები ფართო სპექტრს შეადგენს. მათ შორის არის სახელმწიფო უწყებები, კერძო ბიზნესი, ინფრასტრუქტურა და არჩევნები.