აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერზე ინფორმაციისთვის დაწესებული ჯილდო გააორმაგა
აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერზე ინფორმაციისთვის დაწესებული ჯილდო გააორმაგა

აშშ-მა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერზე ინფორმაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდო გააორმაგა. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამრიგად, ის ადამიანი, ვინც აშშ-ს ამირა მუჰამედ საიდ აბდელ რაჰმან ალ-მაულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, ჯილდოს სახით 10 მილიონ დოლარს მიიღებს.

აშშ-ის მონაცემებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი. მისი მსხვერპლი კი, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ. კერძოდ იეზიდები, რომლებიც ერაყში ცხოვრობენ. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ სწორედ რაჰმან ალ-მაული აკონტროლებს „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალურ ოპერაციებს.

შეგახსენებთ, რომ ალ-მაულიმ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის თანამდებობაზე აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შეცვალა.