აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე დაამატა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე შეიყვანა.
შესაბამისი შეტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეზღუდვები დაწესდა 35 ავიაკომპანიისა და საჰაერო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების წინააღმდეგ. საუბარია ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, თურქეთსა და ყაზახეთში დაფუძნებულ კომპანიებზე.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების მიზანია ირანის საავიაციო სექტორზე ზეწოლის გაძლიერება, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, ირანის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის „იარაღის, სამხედრო მოსამსახურეებისა და უკანონო ტვირთების გადაზიდვას“ უწყობს ხელს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა გენერალური ლიცენზია, რომელიც 23 სექტემბრამდე სანქციების სიაში შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების დასასრულებლად აუცილებელი ტრანზაქციების განხორციელებას ნებას რთავს.
ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებამ გააუქმა ლიცენზია, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების თვითმფრინავების დროებით ყოფნას, ასევე ისლამურ რესპუბლიკაში მათი შეკეთებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნოლოგიების შეტანის შესაძლებლობას იძლეოდა.
ცნობისთვის, 24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების რეჟიმს მკვეთრად გაამკაცრებს და მიზნად ისახავს თეირანის შემოსავლის წყაროების სრულად დაბლოკვას.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ მზად იქნება, მეორადი სანქციები დაუწესოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომების შესრულებაზე უარს იტყვის.