აშშ-მა „ჰეზბოლა“ და კიდევ ოთხი დაჯგუფება მთავარ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ საფრთხეებად დაასახელა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბანური შიიტური რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლა“ და ამერიკის კონტინენტზე მოქმედი კიდევ ოთხი დაჯგუფება მთავარ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ საფრთხეებად დაასახელა. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშნსმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონი ამ დაჯგუფებებთან საბრძოლველად სპეციალურ ოპერატიულ განყოფილებას ქმნის, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტაინი უხელმძღვანელებს.
ჯეფ სეშნსის მიერ „ჰეზბოლასთან“ ერთად დასახელებულ დაჯგუფებებს შორის მექსიკაში მოქმედი ნარკოკარტელები Cartel de Jalisco Nueva Generacion და Sinaloa Cartel, ასევე კოლუმბიური დაჯგუფება Clan de Golfo და ცენტრალურ ამერიკაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება Ms13 დაასახელა.
„ისინი ძალადობას თესენ და მავნებლურ ნარკოტიკს ყიდიან. ისინი ქრთამს აძლევენ სახელმწიფო ჩინოსნებს და აღვივებენ კორუფციას. ისინი ატერორებენ კანონმორჩილ მოქალაქეებს“, – განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტაინმა.