აშშ-მა გერმანიაში მოქმედი „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიები სანქციებისგან გაათავისუფლა

23:02, 29.10.2025

შეერთებულმა შტატებმა გერმანიაში მოქმედი ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიები სანქციებისგან გაათავისუფლა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიებს ოპერაციების განხორციელებას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს უფლება 2026 წლის 29 აპრილამდე მოქმედებს.

როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, კატერინა რაიხემ მანამდე განმარტა, აშშ-ის მთავრობამ მათ წერილობითი გარანტიები მისცა, რომ გერმანიაში მოქმედი „როსნეფტის“ შვილობილი კომპანია გათავისუფლდებოდა ახალი ენერგეტიკული სანქციებისგან, რადგან ეს აქტივი აღარ იმყოფება რუსეთის კონტროლის ქვეშ.

მედიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გერმანიის მთავრობამ „როსნეფტს“ აქტივები ჩამოართვა და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცია.

მანამდე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ აშშ „როსნეფტის“ გერმანულ განყოფილებას სანქციებისგან გაათავისუფლებდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას ომის გასაგრძელებლად შემოსავლის მიღებაში.

მსგავსი