აშშ-მა გერმანიას ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ საზღვაო მისიაში ჩართვის თხოვნით მიმართა
აშშ-მა გერმანიას ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ საზღვაო მისიაში ჩართვის თხოვნით მიმართა

აშშ-მა გერმანიას ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ საზღვაო მისიაში ჩართვის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) ბერლინში არსებული აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. საქმე ეხება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ წამოწყებულ მისიას, რომელიც ირანის სიახლოვეს არსებულ წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებასთან დაკავშირებით, გერმანიას კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა არაერთხელ განაცხადა, რომ რეგიონში ვითარების დეესკალაციისთვის პრიორიტეტი დიპლომატიაა.

სპარსეთის ყურეს რეგიონში ვითარება ბოლო რამდენიმე თვეა დაძაბულია. რამდენიმე კვირის წინ ირანის მიერ ბრიტანული ნავთობმზიდების დაკავების შემდეგ გაერთიანებული სამეფო რეგიონში თავისუფალი ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით მისიის დაწყების ინიციატივით გამოვიდა. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, დიდი ბრიტანეთის წინადადებით საფრანგეთი, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი და შვედეთი არიან დაინტერესებულნი.