აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ლიბიის საკითხზე რეზოლუცია დაბლოკა
აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ლიბიის საკითხზე რეზოლუცია დაბლოკა

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ლიბიის საკითხზე რეზოლუცია დაბლოკა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, დოკუმენტის ინიციატორი დიდი ბრიტანეთი იყო. რეზოლუციაში დაგმობილი იყო ტრიპოლის სიახლოვეს მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე მიტანილი ავიაიერიში. ამავდროულად, ლონდონი ლიბიაში პოლიტიკური დიალოგის განახლებას ითხოვდა. ტექსტში შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტისკენ ყველა მხარეს მოუწოდებდნენ.

როგორც „ფრანს პრესი“ და „როიტერი“ იუწყება, რეზოლუციის პროექტი ვაშინგტონმა დაბლოკა, თუმცა მიზეზები უცნობი რჩება.

ტრიპოლის სიახლოვეს მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად, 44 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 130 დაიჭრა. ლიბიის მთავრობამ და გაერო-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებული „ლიბიის ეროვნული არმიის“ მეთაურს, გენერალ ხალიფა ჰაფთარს დააკისრა, რომელიც ლიბიის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აპრილის შემდეგ ატარებს.

75 წლის ჰაფთარი ლიბიის ექს-ლიდერ მუამარ კადაფის ყოფილი მოკავშირე იყო, თუმცა 1990-აინი წლებიდან პოლკოვნიკს დაუპირისპირდა.